Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

პოკერის მოყვარული ქართველი მწერლები

პოკერის მოყვარული ქართველი მწერლები

ეს ამბავი 70-იანი წლების დასაწყისში მოხდა. მაშინ არ იყო კაზინოები და აზარტული თამაშების მოყვარულები ოჯახებში იკრიბებოდნენ. ყველაზე პოპულარული თამაში პოკერი გახლდათ და ზოგჯერ ღამეებიც უთენებიათ ქართველ მოთამაშეებს. 

 

მწერალი, თამაზ ჩიქვანია იხსენებს:

 

იმ ხანად მწერალთა კავშირში ვმუშაობდი, ძალიან ახალგაზრდა კი ვიყავი, მაგრამ დიდებულ ქართველ მწერლებთან ერთად ხშირად მიწევდა მრგვალ მაგიდასთან ყოფნა. ივლისის იმ ცხელ დღესაც მოვხვდით შესანიშნავი ტელე რეჟისორის და საოცარი იუმორის მქონე, ომარ შეშელიძის ოჯახში. ვაკის პარკის პირდაპირ ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე საღამოსკენ შევიკრიბეთ. 

 

პირველ სართულზე ცნობილი პურის მაღაზია იყო. ბატონი მურმანის გარდა იყო კიდევ ორი ცნობილი პოეტი, მათ გვარებს ვერ მოგახსენებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათი თანხმობა არ მაქვს. ბატონ მურმანს ხშირად უთქვამს: 

 

“პოკერში წაგება არ უნდა გეწყინოს, უნდა ჩათვალო, რომ ეს სიამოვნებაში გადახდილი ფულია”.

 

რესტორანში რომ იქეიფებ, მეგობრებთან დროს გაატარებ და ამაში ფულს იხდი, უკან ხომ არავინ დაგიბრუნებს და არც გენანება, ასე უნდა მიიღო წაგებაცო. იმ საღამოს მურმანს აშკარად არ უმართლებდა, გამთენიის სამ საათზე ფული შემოელია. ფანჯარასთან განცალკევდა, ეტყობოდა, რომ თამაშის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ უფულოდ ამის გაკეთება არ იკადრა. ცოტა ხანში მასპინძელი გაიხმო და მორიდებით თხოვა, შინ არაყი გექნება, ერთ-ორ ჭიქას დავლევ, ლენას (მეუღლე) ვეტყვი, რომ ბიჭებთან ვიქეიფე და ამიტომაც შემაგვიანდა. სხვანაირად ნაღდი კაცი იყო ომარ შეშელიძე, სტუმარ-მასპინძლობაც ასეთი იცოდა. ბატონი მურმანის ამ სიტყვებზე თამაში დამთავრებულად გამოაცხადა, მეუღლე გააღვიძა და სუფრის გაშლა თხოვა. მერე ჩვენ მოგვიტრიალდა, მოგვიბოდიშა და თქვა: 

 

"მურმანს რომ ფული ეთხოვა თამაშის გასაგრძელებლად, უარს ვეტყოდი, მაგრამ როდესაც მურმან ლებანიძე ჩემს ოჯახში ჭიქის აწევას ისურვებს, იქ ყოველგვარი სხვა საქმე უნდა დამთავრდეს".


 

დიასახლისმა სახელდახელო სუფრა გაშალა, მაგრამ... აღმოჩნდა, რომ პურის მაღაზიის თავზე მცხოვრებ ოჯახში პური არ იყო! შეწუხდა ქალბატონი და მცირე დრო ითხოვა. ცოტა ხანში ღუმელში გამომცხვარი პური პირდაპირ ბატონ მურმანს მოართვა. მურმანმა შუაში გადატეხა, სახესთან მომიტანა და მეკითხება: მითხარი, რისი სუნი აქვს ამ პურსო. უძილობის თუ დაღლილობის მიზეზით ძალიან პროზაულ ხასიათზე გახლდით და პურის-მეთქი, ვუპასუხე. მურმანს ჩაეცინა, სუფრა გაირინდა, ყველა მიხვდა, რომ რაღაც უცნაური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი დაინახა და: 

 

“ამ პურს სტუმრის პატივსაცემად ლოგინიდან ახლად ამდგარი დიასახლისის სუნი აქვსო”. 

 

სუფრიდან კარგად გათენებულზე ავიშალეთ. ამ ხნის მანძილზე ბატონ მურმანს ხმა არ ამოუღია, აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით.

 

რამდენიმე დღის შემდეგ მწერალთა კავშირში მისულს, ოთახში ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, ერთი მათგანი ხმამაღლა კითხულობდა გაზეთში დაბეჭდილ მურმან ლებანიძის ლექსს:

 

მარეკები შლიდნენ ბანაკს, 

ქარი ჩამიჩუმით ქროდა, 

ვიწექ, რომელიღაც ბალახს 

უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.

 

თითქოს ურო დამკრეს თავში, 

თითქოს პაპაჩემი ცხონდა - 

ათას სურნელოვან შვავში 

ბალახს ქალის სუნი ჰქონდა. 

 

სუნი ჰქონდა არა დალის, 

ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - 

სუნი - საზოგადოდ ქალის, 

სუნი - საზოგადოდ მდედრის… 

 

ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი 

სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო, 

სანამ ვიცნო ეს სურნელი,

სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!

 

ბატონი მურმანისთვის არასდროს მიკითხავს, ჰქონდა თუ არა ამ ლექსს კავშირი ომარ შეშელიძის ოჯახში გატარებულ იმ ღამესთან და „დუხოვკაში“ გამომცხვარ უგემრიელეს პურთან, თუმცა ღრმად მწამს, რომ არც უმაგისობა იქნებოდა.

 

ყველასათვის საყვარელი პოეტი, მურმან ლებანიძე პოკერის დიდი მოყვარული იყო.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ