ქართული ტრადიციული, ხალხური თამაშები
ასკინკილა (აღმოსავლეთ საქართველოს მთიან კუთხეებში - "კინკილაობა", "სალაობა", "ლიპარიტი", სვანეთში - "კირინკაჩხვ", ან "ჭირინჭვა")
საბავშვო თამაში, ცალ ფეხზე ხტუნვა-სირბილი. ზოგჯერ დაჭერობანას თამაშისას ერთი ბავშვი ასკინკილა დასდევს დანარჩენებს დასაჭერად; ზოგჯერ ორ გუნდს შორის იმართება შეჯიბრება ასკინკილათი სირბილში. თამაშობენ ასეც: მიწაზე დახაზავენ 8 ან 10 უჯრედს და ასკინკილა ხტომით, ფეხის წვერით გადააქვთ ბრტელი ქვა (სალა) ერთი უჯრედიდან ("ბოსტნიდან") მეორეში; თუ ქვა ხაზზე შერჩა, მოთამაშე "ჩაჭრილია". მოგებულად ის ითვლება, ვინც ბოლომდე "ჩაუჭრელად" გავა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოწმებულია თამაშის სხვა ვარიანტებიც. ცნობილია აგრეთვე ასკინკილას უფრო ძველი სახეობები. ასკინკილათი ხტუნვა ხშირად გამოყენებულია სხვა ქართულ თამაშებშიც - დამარცხებულის "დასჯისას".
ასპარეზობა,
ძველ საქართველოში ცხენოსნობა ზოგადი მნიშვნელობით, საბას განმარტებით "მოასპარეზობაჲ არს მჴედართა მიერ ანძათა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭსა ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი", მოასპარეზეს კი იგი ასპარეზობაში "წურთილს", დახელოვნებულს უწოდებს. ასპარეზობის სახეებიდან საქართველოში გავრცელებული იყო საკუთრივ ცხენოსნობა (დგენა, დოღი, მარულა, ცხენნი, ჯირითი, თარჩია), ბურთაობა (ჩოგანბურთი, გადრი, რადი), საგანთსროლა (ყაბახი, აშფაშაგი), ჩალისობა და სხვა შეჯიბრი, რაც ცხენთან, ცხენოსნობასთან იყო დაკავშირებული. ასპარეზობა ნადირობასთან ერთად ფიზიკურ აღზრდის მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. თანამედროვე გაგებით ასპარეზობა ყოველგვარი სპორტის შეჯიბრებაა.
ბერიკაობა
ქართული ხალხური იმპროვიზაციული ნიღბების თეატრი. ტერმინი ბერიკაობა განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელ სანახაობას აღნიშნავს და ნაწარმოებია საერთო ქართველური ძირიდან „ბერ“ (შვილი).
ბერიკაობას ბერიკები ასრულებდნენ. სცენარები, რომელთა საფუძველზეც იქმნდებოდა ბერიკული წარმოდგენები, საუკუნეთა მანძილზე იცვლებოდა.
ბერიკულ წარმოდგენებში შემონახულის განაყოფიერებისა და შვილიერების ღვთაების სადიდებელი მისტერიის გადმონაშთი (მაგ. ყვარლის რაიონის სოფ. საბუეში, აგრეთვე ადიგენის რაიონის სოფ. უდეში, ახმეტის რაიონის სოფ. მატანში დღესაც სრულდება ოდესღაც ტახღვთაების გარდაცვალებასა და მის აღდგომა-გაცოცხლებასთან დაკავშირებული მისტერიის სცენები).
ჩვენამდე მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე სიუჟეტი. მათი უმეტესობა კომიკურია და ძირითადად შექმნილია საყოფაცხოვრებო თემაზე. ბერიკაობა სამგვარი წყობისა იყო: კარდაკარ სასიარულო, მოედანზე სათამაშო და სადარბაზო (სადღესასწაულო). საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე იმართებოდა დიდი ბერიკაობა, რომელსაც ზოგჯერ 100-მდე შემსრულებელი ჰყავდა. მისი ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო), კეკელა (სარძლო), მაჭანკალი, გლეხი, თავადი, თათარი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები.
დიდ ბერიკაობაში მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ (ქალებისა და მოზარდების ბერიკაობა ცალკე იმართებოდა). წარმოდგენა იწყებოდა მტრის მიერ სოფლის აწიოკებისა და ხარკის აკრეფის წარმოსახვით, რასაც თან ახლდა სიმღერა და საკრავიერი მუსიკა. ბერიკაობას ხელმძღვანელობდა ბერიკათწინამძღვარი. საქართველოში ცნობილი ბერიკები იყვნენ XVIII საუკუნეში ოთარ ნორიოელი და ოიანა-ბუიანა, XIX საუკუნის I ნახევარში — აბელ რევაზიშვილი. XX საუკუნეში ბერიკები თბილისშიც გამოჩნდნენ.
თარჩია
ძველებური ქართული ცხენოსნური თამაში. თამაშობენ მოედანზე ან მინდორზე. წინასწარ განსაზღვრავენ თამაშისათვის განკუთვნილ დროს. ჯერ თამაშში მონაწილეობის მსურველებს იწვევენ, შემდეგ თამაშის 4-ვე მონაწილე შეჯიბრებაზე დამსწრე ქალიშვილთაგან აირჩევს მსაჯს.
მსაჯი თავის მხრივ ერთ-ერთ მონაწილეს მკლავზე ან საყელოზე დაუმაგრებს ფერად მანდილს (ამ მოთამაშესაც თარჩია ჰქვია). შემდეგ მოთამაშეები დასცილდებიან მსაჯს 100 მ და მსაჯის ნიშანზე თამაში იწყება. თამაშის მიზანია დაეწიონ თარჩიას, რომელიც ყოველნაირად ცდილობს თავი დააღწიოს მდევრებს და მანდილი მსაჯს დაუბრუნოს. თუ მოთამაშემ ეს მოახერხა, გამარჯვებულად ცხადდება და მსაჯი მას იმაცე მანდილით აჯილდოებს, თუ რომელიმე მოთამაშე დაეწევა თარჩიას და ჩამოართმევს მანდილს, თამაში შეწყდება, მონაწილენი მანდილის ახალ პატრონს 50 მ-ით სცილდებიან და მსაჯის ნიშანზე თარჩია კვლავ იწყება.
კეჭნაობა
კეჭნაობა (ხევსურული ფარიკაობა), იგივე „შუღლი“, იგივე „ჭრა“. ხევსურეთში გავრცელებული ფარიკაობა ხმლებითა და პატარა ფარებით. ფარიკაობისას გამოიყენებდნენ თითებზე წამოსაცმელ საბრძოლო რგოლებსაც, რომლებსაც „სათითენს“ ეძახდნენ.
ორთაბრძოლის ხერხებს ბავშვებს 5-6 წლის ასაკიდან ასწავლიდნენ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის (ძვ. წ. II საუკუნე) ცნობით, საქართველოში ყოფნისას პომპეუსი გასცნობია ფშავ-ხევსურულ ფარიკაობას, „თუ ვითარ ხმარობდნენ იფინი საჭურველთა საომართა და ჰყვეს მათ ვარჯიში ხმლითა და ვითარს სახითა ჯერ არს ბრძოლასა და შინა ხმარება ხმლისა და ფარისა“. მემატიანე ასევე აღნიშნავს, რომ მოფარიკავე ფშავ-ხევსურები იბერთა მეფის პირად მცველთა რიგებში შედიოდნენ.
კეჭნაობის მიზეზი უფრო ხშირად ძველი წყენა, ანუ „ჯავრი“ იყო. ერთმანეთს ებრძოდნენ შელახული თავმოყვარეობის აღსადგენად, ხალხის, ძირითადად ქალების წინაშე საკუთარი ვაჟკაცობის გამოსავლენად. მოშუღლარები ცდილობდნენ მეტოქე დაეჭრათ თავის არეში — შუბლის სამი ნაოჭის ზემოთ, ამასთან ისე მსუბუქად გაეკაწრათ, რომ ერთი წვეთის მეტი სისხლის არ გამოედინათ. გამარჯვებულად ითვლებოდა ის, ვინც მოწინააღმდეგეს მეტ ამგვარ ჭრილობას მიაყენებდა. შუბლის ნაოჭების ქვემოთ გაკაწვრის ან მძიმედ დაჭრისთვის დაზარალებულს, „სათითენით“ იქნებოდა ის დაჭრილი თუ ხმლით, „რჯულის კანონის“ თანახმად ასანაზღაურებელი ანუ „დრამა“ უნდა მიეღო. რაოდენობას განსაზღვრავდნენ შუაკაცები და „აქიმი“, ანუ დასტაქარი: ჭრილობის სიგრძე-სიგანეს ზომავდნენ ძაფით, ზომა ბრტყელ ქვაზე გადაჰქონდათ, მასზე ალაგებდნენ ქერის მარცვლებს, კიდურა მარცვლებს აკლებდნენ და დანარჩენი რაოდენობით ითვლიდნენ დრამას. ქერის თიტოეული მარცვალი ერთი ძროხის საფასურს უდრიდა. თავის ქალის დაზიანების შემთხვევაში დამჭრელს დაზარალებულისთვის 12 ძროხის საბასური უნდა გადაეხადა. ისეთი ტრავმების დროს ხევსურ დასტაქრებს რთული ქირურგიული ოპერაციაც არაერთხელ გაუკეთებიათ. XX საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ცხოვრობდა ას წელს მიტანებული აქიმი, მგელიკა ლიქოკელი, რომელიც თავის ქალის ტრეპაციას აკეთებდა.
კურული
კუროსთან, ხართან ჭიდაობა, თამაშად ქცეული რიტუალი, რომელიც დიდი ღმერთის სახელობაზე იმართებოდა. ძირითადად დამოწმებული დასავლეთ საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობაში, სამეგრელოში იმართებოდა კვირა დღეს, სოფლის ახლოს მოედანზე. გამოჰყავდათ საგანგებოდ გაწვრთნილი ხარი, მიაბამდნენ მოედნის ცენტრში ჩასობილ პალოზე და 2 კაცი, გარკვეული წესების დაცვით აღიზიანებდა. შემდგომ გახელებულ ხარს აუშვებდნენ და ერთ-ერთი იწყებდა მასთან ბრძოლას. კურულის მიზეზი იყო ხარის და დაძლევა, შეკვრა და წაქცევა. საღამოს იმავე ადგილას იმართებოდა ფალავანთა ჭიდაობა. სვანეთში ასეთი ხარების ჭიდაობით იწყებოდა დიდი ღმერთის სახელობის დღესასწაულთა ციკლი „უფლიშიერი“, რომელიც თომას კვირას (აღდგომის მომდევნო კვირა, კვირაცხოველობა) დგებოდა და 5-6 კვირა გრძელდებოდა. ამ დღეს „ლასკარებს“ (სამეზობლოებს) ან ცალკეულ თემებს გამოჰყავდათ დიდი ღმერთის სახელზე შეწირული კუროები ან რჩეული ხარები, არაყს დაალევინებდნენ, გაახელებდნენ და რიგ-რიგობით მიუშვებდნენ ერთმანეთზე. ხარების ჭიდაობა გურიასა და რაჭაშიც სცოდნიათ, მაგრამ რელიგიურ-საკულტო მნიშვნელობით მხოლოდ სვანეთში იყო შემორჩენილი.
ამ თამაშობებში არეკლილია ხართან დაკავშირებული უძველესი რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთში, კავკასიაში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის აუზებში. ყურადღებას იქცევს ძველი კრეტის მხატვრობა, სადაც გამოსახულია ხართან ბრძოლა, რაც მეტად პოპულარული ყოფილა და რელიგიურ-საკულტო ცერემონიალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რიტუალად შედიოდა. მომდევნო ხანებში ხართან ბრძოლამ თანდათან დაკარგა პირვანდელი შინარსი და შუა საუკუნეებში ფეოდალთა საყვარელ გასართობად იქცა. მისი თანამედროვე ფორმებია სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელებული კორიდა.
ლახტაობა
ქართული ხალხური თამაში. მოთამაშე ვაჟები კენჭისყრით ორ თანაბარ ჯგუფად იყოფიან. ერთი ჯგუფი თავმდამსხმელებისაგან შედგება, მეორე — თავდამცველებისაგან, რომლებიც იცავენ ლახტებს და თავიანთ თავს. დამცველები მიწაზე შემოხაზულ დიდ წრეში რადიალურად დგებიან და ფეხებს შუა ლახტებს იწყობენ ბალთით წრის ხაზთან.
თავდამსხმელები წრეს გარშემო ურბენენ და სხვადასხვა ფანდით ცდილობენ ლახტების მოტაცებას, როდესაც თავდამსმხმელები წრიდან ყველა ლახტს გამოიტანენ, იწყება წრეში მყოფთა „შეხურება“, ანუ ფეხზე ლახტით ცემა, დამცველები ერთმანეთს ზურგით ამოუდგებიან და ცდილობენ წრიდან გამოუსვლელად თავდამსხმელები „ჩაჭრან“, ე. ი. ცალი ფეხი ფეხზე მოარტყან. დამცველთა წარმატების შემთხვევაში „ჩაჭრილები“ წაგებულად ითვლებიან. გუნდები ადგილებს იცვლიან და თამაშს თავიდან იწყებენ. ცნობილია ლახტაობის სხვა ვარიანტებიც. ლახტაობა ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული თამაში იყო ძველ საქართველოში, იგი მიზნად სიმამაცის და ვაჟკაცური თვისებების გამომუშავებას ისახავდა ახალგაზრდობაში. ამ თამაშში თავისებურად უნდა იყოს ასახული სიმაგრეთა დაცვის სიმბოლიკა.
ლელობურთი
ქართული ეროვნული სპორტის სახეობა, რომელიც აღმოცენებულია უძველესი თამაშის საფუძველზე. ტრადიციის სახით შემორჩენილია გურიაში, შუხუთში. თამაში იმართება მატყლით დატენილი ბურთით (3 კგ-მდე) ფეხბურთის მინდორზე (დაახლოებით 70×105 მ), რომელსაც არ აქვს კარი.
გუნდს ეთვლება ქულა, თუ იგი რაიმე საშუალებით ხელით ან ფეხით გადააცილებს ან გადაიტანს ბურთს მოწინააღმდეგის ჩათვლის ხაზს იქით როგორც ჰაერში, ისე მიწაზე. გამარჯვებულია ის, ვინც ამას მეტჯერ გააკეთებს. ნებადართულია ჩავლება, ჩაბღუჯვა, წაქცევა, მხოლოდ უხეში ილეთების გარეშე. თამაში შედგება ორი 30-წუთიანი ნახევრისა და 10-წუთიანი შესვენებისაგან. ლელობურთს ყოველ აღდგომას თამაშობენ.
ქალაქობანა
აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური თამაში ბურთით. მოთამაშენი ორად გაიყოფიან, „დედებს“ აირჩევენ და ერთმანეთისგან 30-40 ნაბიჯის დაშორებით თავ-თავიანთ ქალაქებს შემოხაზავენ. „ქალაქებს“ შორის გაავლებენ ხაზს, რომელსაც წინ-წყაროს ეძახიან. კენჭისყრით დაადგენენ თამაშის დამწყებს და გუნდები „ქალაქებში“ განლაგდებიან. დამწყები გუნდის „დედა“ ბურთს მოწინააღმდეგეთა ქალაქისკენ გადაისვრის, ისინი კი ცდილობენ დაიჭირონ. თუ დაიჭირეს, ერთი მომგებიანი ქულა ეწერებათ. შემდეგ ამ გუნდის დედა გამოისვრის ბურთს და დაჭერასაც ესენი ცდილობენ. ბურთი აუცილებლად უნდა გადმოსცდეს „წინ-წყაროს“, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან უნდა ისროლონ. თამაში 8-მდე გრძელდება. 8ქულას რომ შეასრულებენ, ბურთის ბოლო დამჭერს მეტოქის ქალაქში „ჯორის გასახედნად“ გზავნიან. ეს მოთამაშე მოწინააღმდეგეთა შორის „ჯორს“ ამოირჩევს და ზურგზე მოაჯდება. მხედარს მისი გუნდის წევრები ბურთს გადმოუგდებენ, თუ დაიჭირა, მთელი გუნდი „დიდ ქულას“ მიიღებს, თუ ვერა მაშინ „ჯორიდან“ უნდა ჩამოხტეს და თავისი „ქალაქისკენ“ გაიქცეს. მას უკან მისდევს „ჯორი“, რომელიც ცდილობს ახლა თვითონ მოაჯდეს ზურგზე. თუ ეს შეძლო და მხედრად გადაიქცა, თანაგუნდელები ბურთს გადაუგდებენ. თუ დაიჭირა დიდი ქულა ახლა მის გუნდს დაეწერება, თუ ვერ დაიჭირა, ჯორიდან უნდა ჩამოვიდეს და ქალაქს დაუბრუნდეს. ახლა უკვე ამ ქალაქის „დედა“ ისვრის ბურთს, მეორე გუნდის წევრები კი ცდილობენ მის დაჭერას. თუ რომელიმე გუნდმა 3 დიდი ქულა დააგროვა, ისინი მეტოქე გუნდის წევრებს ზურგზე მოასხდებიან და ბურთს ერთმანეთს უგდებენ. ასე გრძელდება მანამ სანამ ბურთი მიწაზე არ დაუვარდებათ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება, რომ ბურთს ერთ-ერთი „ჯორი“ დაიჭერს. ასეთ შემთხვევაში „ჯორები“ მხედრებად იქცევიან და ბურთს ახლა ისინი უგდებენ ერთმანეთს.
წყარო: ქართული ვიკიპედია
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ