ქართული ჭიდაობის წარმოშობა უძველეს ხანას უნდა უკავშირდებოდეს და უპირველეს ყოვლისა ის საბრძოლო დანიშნულების იყო. ტერმინი „რკენა“ ნახსენებია მე-9 საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „ცხოვრება სვიმონ მესუეტისა“, ფალავნობის სხვადასხვა ამბებია მოთხრობილი მე-12 საუკუნის „ამირანდარეჯანიანსა“ თუ „აბდულმესიანში“. ასევე საინტერესოა ფრანცისკანელი ბერის ჯიოვანო პლანო კარპინის (1182-1252 ) ნაამბობი. მესხურ ქრონიკებში მოიპოვება ცნობა, იმის შესახებ, რომ სამცხე-საათაბაგოს თავკაცს ყვარყვარეს ხონთქრის ფალავანი დაუმარცხებია, რის გამოც ქრისტიანად დაბრუნებულა სტამბოლიდან.
მე-19 საუკუნის პერიოდიკაში საკმაოდ დეტალურად და უხვადაა წარმოდგენილი ჭიდაობასთან დაკავშირებული მოვლენები. იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთები ("ივერია" "დროება" და სხვ.) ყურადღებას უთმობდნენ ქართულ ჭიდაობას. ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგეი მესხი, დანიელ ჭონქაძე და ა.შ. ჭიდაობის დიდი გულშემატკივრები იყვნენ.
მე-19 საუკუნეში ქართული ჭიდაობის ცენტრად იქცა თბილისი, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნაცადი ფალავნები. სპეციალურად ამ მიზნით საჭიდაო მოედნებიც კი არსებობდა (ე.წ. ,,კრუგები”). თავიდან ასეთი საჭიდაო მოედანი ყოფილა მთაწმინდაზე, რომელიც მოგვიანებით დიდუბის ერთ-ერთ ბაღში გადაუტანიათ, ამას გარდა საჭიდაო მოედნები არსებობდა ვერაზე ,,ფიქრის გორაზე”, მაშინდელ ელისაბედის ქუჩაზე (ახლა წინამძღვრიშვილის ქუჩა), ავლაბარში, ნაძალადევში (ხუდადოვის ტყის მახლობლად), ელიას ზევით - მახათაზე.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერაზე ,,ფიქრის გორაზე” ჭიდაობის ჩატარებას ხელმძღვანელობდა ცნობილი ყარაჩოღელი გიორგი (გოლა) ლეჟავა, მეტსახელად ,,ბაბაჭუა”, ასევე იმ პერიოდში მსაჯებად ყოფილან სახელგანთქმული მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, პოეტი ბეჩარა, არბიტრი ვანო ჩიბალოვი, ცნობილი იურისტი შალვა მესხიშვილი და ა.შ; წრეში წესრიგის დასამყარებლად საგანგებოდ ირჩევდნენ მარდ ჭაბუკებს, რომლებიც სახრით ხელში გარს უვლიდნენ საჭიდაო წრეს და აზარტში შესულ, გადმოწეულ მაყურებელს უკან ახევინებდნენ. ხალხს თავისი საყვარელი ფალავნები ჰყავდა, რომლებიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ, მათ შორის: დათა ხიზამბარელი, იაკობ ეგნატაშვილი, ივანე ყირიმელაშვილი (კულა გლდანელი), ნესტორ ესებუა, ლუკა დადიანიძე, კოსტა მაისურაძე, ვანო აბულაძე (კამბეჩუა), სანდრო კანდელაკი, ალექსანდრე კახნიაშვილი (შაშო ვერელი), მიხა ქურხული, იოსებ ცერაძე და სხვები.
ჩაცმულობა
ქართულ საჭიდაო ტანსაცმელს თავიდან შეადგენდა მუქი ფერის მკლავებიან (იდაყვებამდე) საჭიდაო ჩოხას, რომელიც მკერდთან გახსნილი იყო ჩავლების გაიოლების მიზნით, ქვედა ბოლოები კი დაშვებული. შემოვლებული სარტყელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მტკიცე მატერიის იყო. გრძელი და სრული შარვალი, რომელიც მჭიდროდ არ იყო შემოტმასნილი ფეხებზე, რათა მოჭიდავეს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონოდა, თუმცა მუხლს ქვევით წვივებზე, რათა ფეხით ფანდის ჩატარებისთვის ხელი არ შეეშალა მჭიდროდ იყო დახვეული ლეკვერთხები. ჭიდაობდნენ ფეხშიშველი. მოგვიანებით, საჭიდაო ჩოხას მკლავები დაუმოკლეს მხრებამდე, რამაც ქართული ჭიდაობის ზოგიერთი ფანდის გაქრობა გამოიწვია (ჩოხის მკლავებში ჩავლებით). თუმცა შარვლის სიგრძე იგივე რჩებოდა. 1935 წელს მიღებულ ,,ქართული ჭიდაობის შეჯიბრების წესებში” ხაზგასმულია, რომ საჭიდაო შარვალი არის გრძელი (ბანდაჟით). თუმცა მოგვიანებით რატომღაც გრძელი შარვალი ,,თათრულ გადმონაშთად” მიიჩნიეს და მოჭიდავეები რათა უფრო დამგვანებოდნენ ქართველებს, საჭიდაო შარვლად შემოიღეს მოკლე ტრუსები. მოგვიანებით ისედაც დამოკლებული ჩოხა კიდევ უფრო დაამოკლეს და დღესაც ჩოხის ასეთი ვარიანტია ხმარებაში.
ნესტორ ესებუა
კოსტა მაისურაძე
დღესდღეობით ქართული კუთხური ჭიდაობის სახეები ილეთების აღწერილობისა თუ ტერმინების სახით 23 ერთეულამდე აღწევს და მოიცავს ძალზედ სპეციფიურ და საინტერესო სახეებს, როგორიცაა: იმერული "საბეჭურიდან ჭიდაობა", სვანური "ლიბრგიელ" ქამარში ჩავლებით ჭიდაობა, მისი მსგავსი რაჭული "ბეჭ და ბეჭ ჭიდაობა", სვანური "ლიბუნძგვალ" (ჯგუფური ჭიდაობა), ხევსურული "მოშ და მოშ" (ფეხის გარეშე) და "მუქასრისა" (ფეხსაც ხმარობენ), რაჭული "ღოჯური" (ღოჯური ჩაჭიდებით), მეგრული "რკინება", გურული "ჭედობა", ქიზიყური "მკლავმობმით", აჭარული "მატეკრობა", მთიულური "იღლიღორა", ასევე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში მეტ-ნაკლებად გავრცელებული "მაჯურა" (გამარჯობის თქმისას ხელის ჩაკიდების პოზიციიდან ჭიდაობა), "მკერდაობა" (ხელების გამოუყენებლად), "ცალხელა" (მხოლოდ ერთი ხელის გამოყენებით), თვალახვეული ჭიდაობა და ა.შ. აღნიშნული ჭიდაობის სახეები ავითარებდა კონკრეტულ თვისებას და ძალზედ ეფექტური იყო მეომრის ფიზიკური მომზადების საქმეში, მაგალითად "ცალხელა" ჭიდაობა ხელში დაჭრილი მეომრის ჭიდაობას განასახიერებდა, ხოლო "მკერდაობა" ხელებშეკრულისას და ა.შ.
წყარო: ქართული ვიკიპედია
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ